სტუდენტური ცენტრი „იდეას“ შეხვედრა ფაკულტეტის დეკანთან

5 სექტემბერს სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეას“ სამუშაო ჯგუფს, ხელმძღვანელ ბატონ გიორგი შიხაშვილთან ერთად შეხვედრა ჰქონდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ თეიმურაზ ბერიძესთან. ბატონმა თეიმურაზმა დიდი კმაყოფილება გამოხატა ცენტრი „იდეას“ ორგანიზებით ჩატარებულ I საერთაშორისო სტუდენტურ საზაფხულო სამეცნიერო-პრაქტიკულ სკოლასთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართა მიმდინარე წლის 2-9 აგვისტოს გონიოში  და ეძღვნებოდა საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომტიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასეთ ღონისძიებებში სტუდენტების ჩართულობა კიდევ უფრო ამყარებს ორ ქვეყანას შორის ინფორმაციისა და ცოდნის გაცვლას, აღრმავებს ურთიერთობებს და ქმნის რეალურ პერსპექტივებს  ქვეყნის  განვითარებისა და წინსვლისათვის.


ამასთანავე, ბატონმა გიორგიმ და ბატონმა თეიმურაზმა მოკლედ მიმოიხილეს ცენტრი „იდეას“ სამომავლო გეგმა, რომელიც შეეხება აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან, სახელდობრ – ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტთან ურთიერთობების დამყარებას. აღსანიშნავია, რომ კალიფორნია მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო ხუთეულში შედის თავისი მდგრადი და ძლიერი ეკონომიკით. მათი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება მათ კარიერაში.
შეხვედრა დასრულდა მაღლივ კორპუსში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე საუბრით. როგორც ცნობილია, კორპუსში სრულად შეიცვალა ფანჯრები, გარემონტდა საპირფარეშოები, იგეგმება კონდიციონერების გაკეთება აუდიტორიებში. ახალ სასწავლო წელს მაღლივი კორპუსი ახალი და ბევრად უკეთესი იერსახით შეხვდება სტუდენტებს, რაც კიდევ უფრო მეტი სტიმულის მომცემია ყველასათვის.

21741774_1132077703603790_296526497_n21244619_1132078000270427_1481015282_n